ეთერ კაკულიას საღამო გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება
29 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნება. საქართველოს დამსახურებული არტისტის, მომღერალ ეთერ კაკულიას საიუბილეო საღამო ფილარმონიაში საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართება.
„29 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღეა და სიმბოლურია, რომ მისი ვარსკვლავიც ამ დღეს გაიხსნება. თავად მომღერალი კონცერტს სტუმრის სტატუსით დაესწრება. მის მიერ შესრულებულ სიმღერებს ფილარმონიის დიდ დარბაზში ამჯერად ცნობილი ქართველი შემსრულებლები იმღერებენ. კონცერტის დასასრულს სცენიდან მაყურებელს ეთერ კაკულია მიმართავს, რის შემდგომაც მომღერალი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის მიერ დაწერილ სიმღერას შეასრულებს“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ცნობისთვის, მომღერალს დაახლოებით ერთი წლის წინ მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, რის გამოც საჭირო გახდა სარეაბილიტაციო კურსის გავლა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად დედაქალაქის მერია 10 ათას ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
მომღერლის საიბულეო კონცერტი ფილარმონიაში 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების რეჟისორი რუსთაველის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავაა.