ირაკლი ალასანია: უმსგავსო ნაბიჯით პოლიტიკის კეთება წარსულს უნდა ჩავაბაროთ
პოლიტიკის კეთება ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” მომავალი არჩევნებისთვის მოემზადებიან.
“ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და არა ქუჩაში დაძაბულობის შესაქმნელად. არასტაბილურობა, უპირველესად, დაარტყამს თითოეულ ჩვენს მოქალაქესა და საინვესტიციო გარემოს”, – აღნიშნა ალასანიამ.
ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზეც საუბრობს. იგი აღნიშნულ საქმეს მზაკვრული გეგმას უწოდებს.
“მე დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე? მე გამოძიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობა მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს”, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.