აშშ–ში პოლიციელმა 12 წლის აფრო–ამერიკელ ბავშვს ესროლა
აშშ–ს ქალაქ კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) გართობისა და დასვენების ცენტრის ტერიტორიაზე პოლიციელმა 12 წლის ბავშვს ორჯერ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველმა პოლიციას შეატყობინა, რომ ბიჭს ხელში იარაღი ჰქონდა.
ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომელმა ეჭვმიტანილს იარაღის ძირს დადება მოსთხოვა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია და პოლიციელმა ინსტრუქციის შესაბამისად ბიჭს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც აღმოჩნდა, ბიჭს ხელში არა ნამდვილი, არამედ პნევმატური იარაღი ეჭირა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები პოლიციელის ქმედებას ამართლებენ და აღნიშნავენ, რომ პოლიციელმა არ იცოდა იარაღი იყო თუ არა ნამდვილი და ის ინსტრუქციის დაცვით მოქმედებდა.