თეა წულუკიანი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხვალ, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ბიზნესის ინფორმირება “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, დანაშაულის პრევენცია და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვა.
იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პატიმარი, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება, უკვე აღარ ჩაიდენს დანაშაულს. ეს კი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნის წინაპირობაა.
სახელმწიფოს, ბიზნესის, საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდით შესაძლებელია დანაშაულის პრევენცია.
შეხვედრაზე, რომელიც უფრო სოლიდარული და უფრო დაცული საზოგადოების საკითხს ეხება, ასევე გაიმართება სოციალური კლიპის – “ერთად ვიზრუნოთ ყოფილ პატიმარზე” – პრეზენტაცია”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები