მიხეილ სააკაშვილი: ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად შეცდომები უნდა გავარჩიოთ

  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევილუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ექსპრეზიდენტის შეფასებით, ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ასეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი. მისივე თქმით, ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად მისი მარცხები და შეცდომები უნდა გავარჩიოთ.
“ამ რევოლუციის და მისი რეფორმების მიერ გამოთავისუფლებული უზარმაზარი ადამიანური ენერგიის შედეგად კავკასიაში ასწლეულების განმავლობაში პირველად შეიქმნა ეფექტური სახელმწიფო. ვარდების რევოლუციამ არა მხოლოდ დაგვაბრუნა მსოფლიო რუკაზე, თავის ისტორიაში პირველად საქართვეოო გავიდა მთელს მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე – გახდა მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ყველაზე უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ უკრაინელები, ალბანელები, ტუნისელები, შუა აზიის ხალხები, ბევრი რუსი და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თვითონ საქართველოს შიგნით კითხვაზე არის თუ არა დღევანდელობა 2003 წელზე ბევრად უკეთესი – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც საჯარო ინსტიტუტებს მთავრობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდებთან ერთად მართავენ საჯარო ინსტიტუტებს და კორუფცია იმდენად არის გაღვივებული, რომ ქრთამის მიცემა მოქალაქეების ერთადერთი გამოსავალია. ეკონომიკა და მოსახლეობა მუდმივ ენერგეტიკულ კრიზისშია: არ არსებობს სანდო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელი, ზოგიერთ რეგიონში უშუქობა კვირაობით გრძელდება. გზები ორმოებით არის სავსე. ქუჩასა და ციხეში ვითარებას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. ქურდობა, ყაჩაღობა, ავტომობილების ძარცვა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიზნესი მუშაობს ჩრდილქვეშ, არაკანონიერად და კრიმინალის მფარველობით. 200,000-ზე მეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანი ქვეყნის მასშტაბით არის მიმოფანტული, უმეტესობას არ აქვს თავშესაფარი და ყველა ფაქტიურად მხოლოდ სახელმწიფოს მატერიალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარული საექსპორტო პროდუქტი ჯართია. აი, ასეთი იყო საქართველო 2003 წელს.
და მაინც წარსულზე ლაპარაკის ნაცვლად ვფიქრობ, ახლა ყველამ მომავალზე უნდა ვისაუბროთ.
ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად მისი მარცხები და შეცდომები უნდა გავარჩიოთ. შეცდომები გაკვეთილებად ვაქციოთ და კარგად დავისწავლოთ. იყო ღალატი და იყო თავში ავარდნაც, ის ვინც ვერ გამოვიდა ბიუროკრატიის და ხელისუფლების ხიბლიდან და ჩარჩა თუნდაც უახლოეს წარსულში, ისინი პოლიტიკაში ბუნებრივად ჩანაცვლდებიან დღევანდელი მომენტის შესაბამისი უნარების და იდეების მქონე განახლებილი ძალებით. საქართველოს სჭირდება ახალი ერთობა და ენერგია ყოფნა არ ყოფნის პრობლემებთან გასამკლავებლად და შემდგომი წინსვლისთვის. “მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს”. ახალი ვარსკვლავი ნიშნავს 21-ე საუკუნის ახალ გამოწვევებზე მორგებულ განათლებულ, თანამედროვე, წარმატებულ, მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას.0
ვარდების რევოლუციის მთავარი არსი არის მუდმივი მოძრაობა და განახლება. ბნელეთის და რეგრესის ძალები ჩვენ ისევ გვითრევენ ჭაობში და ამიტომ როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ეროვნული სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა და სამშვიდობოსკენ დაჩქარებული ტემპით სვლა. საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები