პუტინზე “მონადირე” გათავისუფლებულია – ის დონბასელებს დაეხმარება

  2012 წელს უკრაინაში დაკავებული ადამ ოსმაევი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადების გამო გაასამართლეს, გათავისუფლებულია. მან ოდესის ციხეში თითქმის სამწლიანი სასჯელი მოიხადა. “რადიო თავისუფლების” ცნობით, გათავისუფლების შემდეგ ოსმაევი დონბასში გაემგზავრა და უკრაინელების აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. პუტინზე “მონადირის” სახელით ცნობილი ჩეჩენი ახალგაზრდა ვოლონტიორთა რიცხვს შეუერთდა.
“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მისი მეუღლე ამინა ოსმაევი აცხადებს, რომ ადამი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
აღსანიშნავია, რომ ადამ ოსმაევის მამა თბილისში ცხოვრობს. თავის დროზე იგი შვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა და დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ ოსმაევის დაკავება 2012 წლის 27 თებერვალს მოხდა – რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. მაშინ რუსეთის პირველი არხი იუწყებოდა, რომ ოდესაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირები დააკავეს, რომლებმაც დაკითხვისას განაცხადეს, რომ პუტინზე თავდასხმას არჩევნებისთანავე აპირებდნენ. ოსმაევი და მისი მეგობარი პიანზინი პუტინის გარდა ჩეჩნეთის ლიდერზე, რამზან კადიროვზე თავდასხმის მზადებაშიც დააადანაშაულეს. მაშინ, რუსმა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და რელიგიურმა პირებმაც კი ეს ყოველივე წინასაარჩევნო „კამპანიად“ ჩათვალეს.
ოსმაევმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის ზეწოლის შედეგად მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები