დავით ნარმანიამ ცენტრ „აისის“ აღსაზრდელებს გიორგობა მიულოცა

   თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ აღსაზრდელებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
თბილისის მერმა ცენტრის აღსაზრდელების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა და კონცერტს დაესწრო.
„ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მზრუნველობას არ აკლებენ ამ ძალიან ნიჭიერ ბავშვებს, ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. ახლა ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მხარადჭერას საჭიროებენ. მისასალმებელია ცენტრის ხელმძღვანელობის საინტერესო კონცეფცია ცენტრის ბაზაზე სოციალური საწარმოს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, უკვე შეძენილია ფიზიკური რეაბილიტაციისთვის საჭირო აპარატურა და რამდენიმე დღეში სპეციალური კაბინეტი დაიწყებს ფუნქციონირებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ზრუნვით ყველაფერს გავაკეთებთ ცენტრის აღსაზრდელების საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციისთვის. ახლა უკვე ის დროა, როცა დამატებითი კომპონენტები უნდა შეიქმნას მათთვის სრულყოფილი სერვისის მისაწოდებლად,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცენტრი ახორციელებს სოციალური საწარმოს პროექტს. კერძოდ, „აისის“ ბაზაზე დაფუძნდა მცირე სამკერვალო სახელოსნო, რომლის სრული კურსის გავლის შემდეგ, შშმ პირები დასაქმდებიან.
150 ბენეფიციარზე გათვლილი სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი ამჟამად 50-ზე მეტ შშმ სტატუსის მქონე ბავშვსა და მოზრდილს ემსახურება. ისინი უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით და მათთვის სპეციალურად შერჩეული ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროგრამებით.
„აისი“ 2002 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვების მშობლებმა დაარსეს. ცენტრის მიზანია შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის, განათლების, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები