პუტინი საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების შესახებ: მავნეა და მე ეს არ მჭირდება

   რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა “იტარ-ტასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ქვეყნის სათავეში მარადიულად იყოს:
“ეს ქვეყნისთვის არასწორი იქნება, მავნეა და მე ეს არ მჭირდება”, – აღნიშნა პუტინმა.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია მას შესაძლებლობას აძლევს ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძოლოს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყენებს, თუ არა ამ შესაძლებლობას.
“გადაწყვეტილებას საერთო სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებ. გააჩნია როგორი განწყობა მექნება…”, – ამბობს პუტინი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ვალდაის კლუბის წევრების შეკრებისას, პოლიტიკურ კულუარებში მან განაცხადა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან “ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა”. უკვე 2014 წელს კი, იგივე ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ “რუსეთი მისნაირების გარეშეც გავა იოლას” .
შეგახსენებთ, რომ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის პოსტი 2000-2008 წლებში დაიკავა. 1999 წლის 31 დეკემბერს მან ბორის ელცინი შეცვალა. 2008 წლის 8 მაისს გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი, კვლავ დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები