უწმინდესი: ღმერთმა ხელისუფლებას ერთიანობა მისცეს, რათა ღირსეულად ემსახუროს სამშობლოს
ღმერთმა ჩვენ ხელისუფლებას ერთიანობა მისცეს, რათა ღირსეულად ემსახუროს ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული აფხაზებს და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს განსაკუთრებით მიულოცა.
“ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს და მის მეუღლეს. ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ხელისუფლებას და მთელ საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო აფხაზებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოსებს, რომლებიც დროებით მოწყვეტილნი არიან სამშობლოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გააერთიანოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება და მისცეს მათ ერთსულოვნება, რათა ღირსეულად ემსახურონ ჩვენს სამშობლოს”, – ბრძანა პატრიარქმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამებაში, წირვა-ლოცვას ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.