ირაკლი ალასანია: რუსეთის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები საკმარისი არ არის

  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოში 2008 წლის აგრესია რუსეთის ძალის გამოვლინებაა.
„ჩვენ ახლა რუსეთის მხრიდან იმპერიული ფუნდამენტალიზმის წინაშე ვდგავართ. რუსეთი ცდილობს, რომ მისი სამეზობლო იყოს არასტაბილური და არადემოკრატიული იმისთვის, რომ მან გავლენის მოხდენა შეძლოს“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, რუსეთის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები საკმარისი არ არის.
„რუსეთი მუდმივად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ძალას გამოიყენებს. ეს აჩვენა საქართველოშიც და უკრაინაშიც. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და ფინანსური სანქციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა საჭიროა სამხედრო დახმარებაც, რომელიც ქვეყნებს თავდაცვის შესაძლებლობას მისცემს. სხვა შემთხვევაში ამ აგრესიას ვერ შევაჩერებთ“, – დასძინა ალასანიამ.
რიგით მე-6 უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს. შეხვედრაში მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 300 წარმომადგენელი მონაწილეობს. მომხსენებელთა შორის არის ირაკლი ალასანიაც. ფორუმის მონაწილეები გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობენ, მათ შორის, ერაყში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ქმედებებზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში და სეპარატისტული განწყობის გაღვივებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები