ია მეტრეველი: სააკაშვილმა ჩამიქრო სიცოცხლე და ბედნიერების უფლება… რამდენი ოცნებები გვქონდა მე და ჩემს ბუტას

  სააკაშვილმა ჩამიქრო სიცოცხლე და ბედნიერების უფლება, არადა რამდენი ოცნებები გვქონდა მე და ჩემს ბუტას – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ბუტა რობაქიძის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ბუტას ოჯახის წევრები და ახლობლები დიდუბის პანთეონთან შეიკრიბებიან.
“დღეს გიორგობის დღეს სრულდება ჩემი ბუტიკოს უბედურების 10 წელი, 10 წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჯოჯოხეთური წლები.
ვერაფრით ვიჯერებ, რომ ამდენი წელი გავიდა, ახლა ბუტა 29 წლის ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო და წარმოიდგინე რა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. სააკაშვილმა ჩამიქრო სიცოცხლე და ბედნიერების უფლება, არადა რამდენი ოცნებები გვქონდა მე და ჩემს ბუტას რამდენი რამ გვქონდა ჩაფიქრებული, რამდენი ლამაზი და ბედნიერი დღეები უნდა გვქონოდა …. დღეს კი ვცხოვრობ აბსოლუტურად ცარიელი სულით. ამდენმა წლებმა უბრალოდ ტკივილით ცხოვრება მასწავლეს“, – წერს ია მეტრეველი.
ია მეტრეველი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა “კრიმინალი ფირცხალავა“ ადამიანის უფლებებზე საუბრობს.
“ჩემო ძვირფასებო აღარ ვაპირებდი არავის შეწუხებას, დაგღალეთ ჩემი უბედურებით, მაგრამ გუშინდელმა გადაცემამ გადამაწყვეტინა როდესაც სტუდიაში კრიმინალი ფირცხალავა ჰყავდათ მოწვეული და ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებოდა. დღეს საღამოს 6 საათზე გავდივართ დიდუბის ეკლესიასთან, იმ ადგილას სადაც ჩემს ბავშვს სიცოხლე წაართვეს. ვისაც უსამართლობასთან შეგუება არ შეგიძლიათ ალბათ მოხვალთ. წინასწარ დიდი მადლობა, გთხოვთ მომიტევოთ“, -წერს ია მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა. პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები