„ვარდების რევოლუციიდან“ 11 წელი გავიდა
დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 11 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით შეიცვალა. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, გადადგომით დასრულდა. ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი ,,ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში.
პროტესტი გამოიწვია დარღვევებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული.
საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა „ვარდების რევოლუცია” ჩათვალა მნიშვნელოვან ნიშანსვეტად, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ შებრუნებას მოასწავებდა.