აშშ უკრაინას დამატებით 320 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ-ს მთავრობა უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუზრდის. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, 1 მილიარდიან კრედიტს ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, კიდევ 320 მილიონი დოლარი დაემატება.
„ეკონომიკის სტაბილიზირებისთვის და საჭირო რეფორმების ჩასატარებლად საკმარისი დაფინანსების უზრუნველსაყოფად აშშ განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ინფორმაცია კიევისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ გუშინ, ევრომაიდნის წლისთავის დღეს გავრცელდა. კიევში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებენ.
ამასთან, თეთრმა სახლმა გუშინაც გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას კიდევ 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს. 20 მილიონი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების რეფორმებს მოხმარდება, 3 მილიონი დოლარი კი საკვებისთვისაა გამოყოფილი.