არჩილ გორდულაძე: ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე მერამდენე რეზოლუციას იღებენ, სადაც არავითარი დასაბუთება და ფაქტები არ არის – მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებული სხვადასხვა ეპითეტია, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა პირი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენებენ. მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა, რაც დასტურდება არათუ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების შეფასებებით, არამედ ავტორიტეტული სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებებით – იქნება ეს მსოფლიო ბანკი თუ სხვა, რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, რომლის მიხედვითაც საქართველო წინ მიდის. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვადასხვა პირის, რომლებსაც სუვერენიტეტის ნატამალიც კი აღარ აქვთ შერჩენილი, შეფასებები არის მცდელობა პარალელურ რეალობა შეიქმნას და ამით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაისხას წყალი“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.