„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება – ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს., – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას.
„2026–2028 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას – 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. აღნიშნული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო შევამციროთ 24 საათიდან 12 საათამდე და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს აქცევს რეგიონში პრაქტიკულად უალტერნატივო, ყველაზე სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტო კვანძად. პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ სამგზავრო მიმართულებას. ვახორციელებთ ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავაორმაგოთ მგზავრთნაკადი და მგზავრობა გავხადოთ უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია 2027 წლის ზამთარში დასრულდება, რის შედეგადაც მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „კუკუშკის” უნიკალური მომსახურებით, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სატრანსპორტო, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას.