დედაქალაქის გამწვანების აქციას ანსამბლი „ერისიონი“ შეუერთდა

   დედაქალაქის მასშტაბით გამწვანების აქციები გრძელდება. საშემოდგომო რგვების ფარგლებში თემქის დასახლების მესამე და მეტერთმეტე მიკრორაიონების შემაერთებელ გზაზე 100 ძირი ჰიმალაური კედრის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად მიიღეს.
ჰიმალაური კედარი მარადმწვანე მცენარეა და დედაქალაქში წლის ნებისმიერი სეზონის კლიმატურ პირობებს შეესაბამება. სულ, ნაძალადევის რაიონში, გამწვანების საშემოდგომო სეზონზე 700 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგვება.
ასევე გამწვანების აქციები გაიმართა დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში. ვ. გოძიაშვილის სკვერში 50 ძირი კვიპაროსისა და ფიჭვის ნერგი დაირგო. ნერგები საბურთალოს რაიონის გამგებელმა და გამგეობის თანამშრომლებმა 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს. საბურთალოს რაიონში უკვე დაირგო 600 ძირი ნერგი. დიდუბეში წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის სკვერს 50 ნერგი შეემატა. გამწვანების აქციებში გამგებლებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისის გამგეობები გამწვანების აქციებს 2 კვირის განმავლობაში გააგრძელებენ და ჯამში 7 ათას ნერგს დარგავენ.
სულ, გამწვანების საშემოდგომო სეზონზე თბილისსა და მის შემოგარენში 3 000-მდე ნერგი უკვე დაირგო. ჯამში კი, წლის ბოლომდე 20 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ასევე, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები