მიუსაფართა თავშესაფრის ასაშენებლად თბილისის მერია 2 148 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

  სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის ასაშენებლად 2 148 000 ლარის დახარჯვას თბილისის მერია გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, საპროექტო შენობა მდებარეობს სოფელ დიდ ლილოში და წარმოადგენს ერთსართულიან კარკასული ტიპის ნაგებობას. შენობა შედგება ადმინისტრაციული, სამეურნეო და ორი საცხოვრებელი ბლოკისგან.
პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ბლოკები 240 პირზეა გათვლილი. შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია 2 ოთახი, ასევე ყველა ბლოკში იქნება პანდუსები და სველი წერტილები. პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსებულია მთავარი შესასვლელი მიმღებით, ადმინისტრაციის ოფისები, კრიზისული ბლოკი და სამედიცინო პუნქტი ექიმების კაბინეტებით.
სამეურნეო ნაწილში მდებარეობს სასადილო 168 ადგილზე დამხმარე სათავსებით, საწყობები, საერთო ტუალეტები და საშხაპეები.
სატენდერო წინადადებების მიღება 26 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად სამუშაოების დასრულებიდან სამი წელია განსაზღვრული.
დაფინანსების წყაროდ 2014-2015 წლებში ბიუჯეტის სახსრებია მითითებული, მათ შორის 2014 წელს დაფინანსდება 70%; ხოლო 2015 წელს -30%.
მიუსაფართა თავშესაფარი ამჟამად მოსკოვის გამზირზე ფუნქციონირებს, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით მიუსაფარი პირებისთვის კარვები ერთი წლის წინ დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები