ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამები

 

      21 ნოემბერს კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ მთარგმნელობით პროგრამებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი. ღონისძიებას საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის უცხოელი პარტნიორები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის აგენტები დაესწრებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთდროულად სამ მთარგმნელობით პროგრამას აცხადებს, რომელიც უცხოური და ქართული გამომცემლობებისთვის არის განკუთვნილი. იგი მიზნად ისახავს, როგორც ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობას.
პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ განკუთვნილია ქართველი გამომცემლებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე თარგმნონ და გამოსცენ.
„საცდელი თარგმანების პროგრამა“ განკუთვნილია მთარგმნელებისავის, გამომცემლებისა და ლიტერატურის აგენტებისათვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის გერმანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა. მომავალში კი ამ თარგმანების უცხოელი გამომცემლებისათვის გაცნობა და საზღვარგარეთ მათი გამოცემის შეთავაზება.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას როგორც აღნიშნული პროგრამების, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განახლებული ვებგვერდის შესახებ.
ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება 2014 წლის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის თარგმანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები