ვახტანგ მაისაია: ლევან ზაქრაძეს კავშირები აქვს ჯალათებთან და მათ მფარველობს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის კაბინეტში ფარული ვიდეომასალის ჩაწერის გამო ლევან ზაქრაძის პირდაპირ დანაშაულს ხედავს.
საუბარია „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტში მასსა და რეზო სახვაძეს შორის გამართული საუბრის ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს ასახავს.
მაისაია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტში მონაწილე პირები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზაქრაძის მიმართ შესაძლოა, გამოკვლევა დაიწყოს როგორც მის კაბინეტში ფარული ჩანაწერის გაკეთების გამო, ისე თეთრაძის საქმეში მონაწილებისთვის.
„ფაქტში მონაწილე ადამიანები უნდა გამოვლენდნენ და დაისაჯონ. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჯალათები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ კაცის მკვლელობაში, დღესაც არიან მაღალ თანამდებობაზე. ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს არ ეხება. ეს ეხება კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. აქ არის ძალიან ბევრი ჯალათი, ისე როგორც სასჯელაღსრულებაში. რა თქმა უნდა, იკვეთება ლევან ზაქრაძის პირდაპირი დანაშაული. მას კავშირები აქვს ჯალათებთან და მათ მფარველობს. უნდა ჩატარდეს მოკვლევა და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი დაისაჯონ“, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, თუკი საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან, შესაძლოა, ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რადგან მის უწყებაში დანაშაულში მონაწილე პირები მუშაობდნენ.
„ირაკლი ალასანიას სტუქტურაში იყვნენ ეს ადამიანები,ამიტომ მასაც აქვს პასუხისმგებლობა. თუ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან, სავარაუდოდ, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი“, – ამბობს მაისაია.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი, სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა. არჩევნების შემდეგ, მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე, ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც. ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის დიდი პროტესტიც მოჰყვა.

იხილეთ სტატია:  kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები