„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან“
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიო “თავისუფლების” პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.
ამით იუსტიციის მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომელიც ქვეყნის ევროპული კურის საფრთხეში ყოფნასთან დაკავშირებით”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებას ეხებოდა.
“ჩემი პოზიცია იყო და არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქვეყნის სათავეში მოვიდა, პროდასავლური მთავრობაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა, რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა, რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში. თუმცა ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირისა თუ ნატოს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და “თავისუფალი დემოკრატების” პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ესე იგი პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ესე იგი – არ არის. ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.