რაში ხედავს მამუკა არეშიძე ალასანიას დანაშაულს? – „სამხედრო პოლიციაში ფარული ვიდეოგადაღების ფაქტზე მოკვლევა უნდა დაიწყოს“

„კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტში მასსა და რეზო სახვაძეს შორის გამართული საუბრის ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს ასახავს, „კვირასთან“ სამხედრო ექსპერტი მამუკა არეშიძე ეხმაურება.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კანონის ჩარჩოებს ცდება, ამიტომ ფაქტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. სამხედრო მაღალჩინოსნის კაბინეტში ფარული ვიდეოგადაღება კანონის ჩარჩოებს სცილდება. თუ ასე აკეთებდნენ ფარულ ჩანაწერს ყველა თანამშრომელზე, არა მგონია, ეს კანონიერი ყოფილიყო“, – ამბობს არეშიძე.
ექსპერტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობასაც ხედავს, რადგან ლევან ზაქრაძე და სხვა პირები, რომელებიც სერგო თეთრაძის საქმეში ფიგურირებდნენ, ალასანიამ უწყებაში დააბრუნა. არეშიძის აზრით, ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროს მთლიან ხელმძღვანელობას მიუძღვის დანაშაული.
„კარგი იქნებოდა, ირაკლი ალასანიას წინ წამოეწია საკითხი, რომ სამხედრო პოლიციაში ფარული ვიდეოჩანაწერები კეთდებოდა, თუმცა მის პასუხისმგებლობას არა ამ საქმეში, არამედ იმაში ვხედავ, რომ თეთრაძის საქმეზე ეჭვმიტანილი ადამიანები სამსახურში დააბრუნა. სრულიად წარმოუდგენელია ასეთ ფაქტთან, ასეთ საშინელ ამბავთან დაკავშირებული ადამიანები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ყოფილიყვნენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალოვან სტურტურებში არის მეხუთე კოლონა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, სისასტიკე ჩაიდინეს და ისინი ისევ არიან სამინისტროს სტრუქტურებში. ესენი არიან მართვადი სხვა ძალების მიერ, რადგან მათ ცუდი ბიოგრაფია აქვთ, მათ მიმართ კომპრომატები აქვთ, ამიტომ მე ამ ადამიანების არ მჯერა. ეს არის არა მარტო ალასანიას პასუხისმგებლობა, არამედ მთლიანად ხელმძღვანელობის. ყველა ეს ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის კონკრეტული ადამიანების წინაშე ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულში, უნდა მოშორდნენ თავდაცვის სამინისტროს და პროკურატურას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში („კვირა“ ვიდეომასალის მხოლოდ ფრაგმენტს აქვეყნებს) ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი, სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
არჩევნების შემდეგ, მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე, ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც. ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის დიდი პროტესტიც მოჰყვა.

იხილეთ სტატია: kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები