დავით უსუფაშვილი: კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ საქართველოს კურსის შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ასოცირების საბჭოში ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც უნდა გახდეს სწორედ ამ ხელშეკრულების პუნქტების შესრულების გარანტი და ის საკონსულტაციო ორგანო, სადაც მოხდება ამ პროცესში ყველა საკითხის განხილვა. ასევე, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს შეხვედრა დგება საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული, ევროპელებისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი ამბების შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ იმ მინისტრების წასვლა მთავრობიდან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით დატოვეს პოსტები, იყო დიდი დანაკლისი მთავრობისთვის, ხოლო პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ უმრავლესობის რიგებიდან გამოკლება კი უმრავლეოსობისთვის დანაკლისი.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ამით ქვეყანა არ დაზარალდეს. ამიტომ ახალი მინისტრების ბრიუსელში ჩასვლა და ამ პროცესში მათი უშუალო მონაწილეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა კურსს იცვლის არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ იგივე მოხდება ნატოს მიმართულებითაც და ამ დანაკარგს, რაც უდავოდ განვიცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად ავანაზღაურებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები