შვეიცარიაში და იტალიაში მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)
შვეიცარიის სამხრეთით და იტალიის ჩრდილოეთით მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. სტიქია გადაუღებელი წვიმების შედეგად მოხდა. კვირას შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მოსახლე 2 ქალბატონი სახლის ნამსხვრევების ქვეშ მოხვდა და დაიღუპა. ასეთივე ბედი ეწია შვეიცარიის მეზობელ იტალიის მოსახლეობას – დაიღუპა 70 წლის პენსიონერი მამაკაცი და მისი 16 წლის შვილიშვილი. მათი სახლი ასევე დაინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმები მთელი რეგიონის მაშტაბით კვლავ გაგრძელდება. ორივე ქვეყანაში წყალდიდობის საშიშროებაა. სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სახლები და ფერმები. არსებული მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეში წვიმა იმ რაოდენობით მოვიდა, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში შეიძლება იყოს დათვლილი. ცნობისთვის, სტიქიური მოვლენების შედეგად, იტალიაში ბოლო ერთი თვის მანძილზე 11 ადამიანი დაიღუპა.