1891 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა

გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე (17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში – გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია.
პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო.
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.
გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა „ლექსები“ და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ მას საყოველთაო აღიარება,“გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. იგი იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.
1924 წელს – ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც 1921-24 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა პოემის დაბეჭვდისთვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.
40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: „ლურჯა ცხენები“; „მთაწმინდის მთვარე“, „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, „ნიკორწმინდა“ და სხვა.
გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები