დავით ბაქრაძე ევროატლანტიკური კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ახალი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისთვის აღნიშნულ პოსტის შეთავაზება სასიამოვნო იყო. ამის შესახებ ბაქრაძემ ბრიუსელში, “მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
ახალი მინისტრი ევროატლანტიკური კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ამ კუთხით დახარჯულ ძალისხმევას საფრთხე არ ემუქრება.
“დიპლომატიურ სამსახურში 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ ჩამომიყალიბდა ის გამოცდილება, რომელიც საბერძნეთში, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობაში მეხმარებოდა. სასიამოვნო შემოთავაზება იყო. გამოწვევა ძალიან დიდია, ძალიან მნიშვნელოვანი და მობილიზებული მაქვს მთელი ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მინისტრმა ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შესახებაც ისაუბრა და მას უმნიშვნელოვანესი უწოდა. ინტერვიუში ბაქრაძემ ალექსი პეტრიაშვილზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მისი წინამორბედის მილოცვას ვერ უპასუხა.
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ სამინისტროში მუშაობა, რომელიც ჩემმა მეგობრმა, დიპლომატიურ სამსახურში დიდი ხნის კოლეგამ დატოვა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ისეთი მეგობრული და შემართებითი ატმოსფერო დამხვდება, როგორც თვითონ ბუკაა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბრიუსელში ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები