თბილისის მერმა ტანვარჯიშის რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი გახსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან, გიორგი არეშიძესთან ერთად, ქ. თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე ტანვარჯიშის რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო.
აკრობატიკის სპორტულ ცენტრში ბოლოს სარემონტო სამუშაოები 40 წლის წინ ჩატარდა. ამორტიზებული იყო დარბაზი და დამხმარე ინფრასტრუქტურა, ხოლო ვარჯიშის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, არ არსებობდა.
ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2014 წლის ზაფხულის მიწურულს დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გარემონტდა და მოწესრიგდა სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, საშხაპე და სველი წერტილები; მთლიანად გამოიცვალა კარ – ფანჯრები, გაკეთდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სპორტული ცენტრის სარემონტო სამუშაოები პირველი ეტაპი იყო. დაგეგმილია, ასევე, ცენტრის შესაბამისი აღჭურვაც. „ვგეგმავთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ თბილისის ყველა რაიონში არსებულ სხვადსხვა სპორტულ ცენტრებსა და დარბაზებს, რათა ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოზარდებში, მეორე მხრივ კი, სპორტის ამა თუ იმ სახეობის პოპულარიზაციას, რომ უფრო სერიოზული წარმატებები გვქონდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ცენტრში განახლებამდე 168 მოსწავლე ვარჯიშობდა, ხოლო ამჟამად ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა 215-ია. მათ შორის 117 სოციალურად დაუცველი ბავშვია, რომელთა სწავლის საფასურსაც ყოველთვიურად თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ანაზღაურებს.
აკრობატიკის სპორტულ ცენტრში, დაარსების დღიდან, 9 მსოფლიო და 5 ევროპის ჩემპიონი აღიზარდა.