დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 16-18 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ანუშკა ვან მილტენბურგსა და სენატის პრეზიდენტ ანკე ბროკერს-კნოლთან შეხვედრებს გამართავს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტებში. შეხვედრა გაიმართება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორთან პოლიტიკურ საკითხებში, ვიმ ხეერცთან.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ნაწილსაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (კლინგენდაელის) მრგვალ მაგიდასა და ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო გამოსვლაა დაგეგმილი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საქართველოს ნიდერლანდებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე შედიან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 19 ნოემბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები