დავით ბაქრაძე მინისტრის რანგში პირველ კომენტარს აკეთებს
დავით ბაქრაძემ, რომელმაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტს პოსტზე ალექსი პეტრიაშვილი შეცვალა, მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიდოდა პრემიერთან და მთავრობის წევრებთან , როცა არჩევანი ჩემზე გაკეთდა შემატყობინეს. ხვალ მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაში, რომელიც 17 მაისს გაიმართება. მას შემდეგ რაც საქართველოში დავბრუნდები. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძე დაინიშნა. დავით ბაქრაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უკვე მოაწერა. დავით ბაქრაძეს აქვს დიპლომატიური მოღვაწეობის თორმეტწლიანი გამოცდილება. 2002-2004 წლებში ის იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს – ჟენევაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004–2005 წლებში კი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. დავით ბაქრაძე 2006-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის მარტიდან დღემდე იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.