„სააკაშვილი „ნაციონალების“ პრეზიდენტი იყო, მარგველაშვილი კი საქართველოს პრეზიდენტია“
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დიალოგი შედგა, თუმცა 2 ბატონის ამბავი არ მომეწონა“ – აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. მისივე თქმით, ქვეყანას არც აღებული კურსისთვის გადაუხვევია და ყველას მოუწოდებს, მოვლენებს არ გაუსწრონ.
„პრეზიდენტის პარლამენტში მობრძანებას მივესალმები. ძალიან კარგია, როცა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის დიალოგი არსებობს. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, რაც ძალიან კარგია. მიხეილ სააკაშვილი კი „ნაციონალების“ პრეზიდენტი იყო. მარგველაშვილმა ძალიან კარგად ბრძანა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, თუმცა, მის გამოსვლაში სიტყვები „2 ბატონის მსახური“ ნამდვილად არ მომეწონა. ჩემთვის მიუღებელია, რომელიმე ბატონს ვემსახურო. ყველანი საკუთარი ქვეყანის და ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ“ – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
მისივე შეფასებით, ვიღაცის გუნდის წევრის დაკავება ვექტორის შეცვლას ნამდვილად არ ნიშნავს: „ ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ვექტორი და გამორიცხულია, რომ ის შეიცვალოს. როცა ვიღაცას აპატიმრებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვექტორი შევიცვალეთ? არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ როცა კითხვები არსებობს, პასუხებიც უნდა იყოს გაცემული. შენ თუ ამ გზით მიდიხარ და შენმა ადამიანმა რაღაც დააშავა, ეს არ გაძლევს ლიმიტს, რომ დაცული ხარ. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს – მეც, ჩემი შვილიც, პირველი პირიც და დამლაგებელიც. ენას ძვალი არ აქვს და შეიძლება ყველაფერი ითქვას“ – აღნიშნა ჯაჭვლიანმა „კვირას“ პრესკლუბში.