ირაკლი ალასანიას შეფასებით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ თამაშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც თამაშობს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მთავარ პროკურატურასთან ერთად მის წინააღმდეგ პოლიტიკურ თამაშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც თამაშობს. როგორც ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მისივე მტკიცებით, ყველა ბრალდება, რაზეც პროკურატურა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური საუბრობს, “აბსოლუტურად უსაფუძვლოა”.
“აუდიტის სამსახური ჩემი მოთხოვნით შემოვიყვანე თავდაცვის სამინისტროში. სისტემური პრობლემები იყო ყველა უწყებაში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში და აბსოლუტურად სწორი გავაკეთე. თავდაცვის სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შორის ყოველდღიური მუშაობა მიდიოდა, რომ სისტემური პრობლემები აღმოეფხვრათ. ახლა რა გახდა პრობლემური?! ახლა რატომ ამოვარდა ასეთი მინიშნებები?! ეს ყველაფერი საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ესეც პოლიტიკურია. ეს არის ძალიან გამჭვირვალე და ცხადი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.