„კაბელების საქმეში“ თანხის გადარიცხვები არავითარ ეჭვს არ იწვევს“

„თანხის გადარიცხვა ე.წ. კაბელების საქმეში მიზნობრივად და გამჭვირვალედ განხორციელდა. ეს არავითარ ეჭვს არ იწვევს“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
„თანხა 2013 წლის ბოლოს გადაირიცხა. ამ დროს ხდება აღნიშნული თანხების აკუმულირება. დაკითხვისას ბატიაშვილიც განმარტავს, რომ ეს გადარიცხვა მიზნობრივად იყო განხორციელებული და ეს ფაქტი არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს საბანკო გარანტია იმის შესახებ, რომ მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს აღნიშნული თანხა. ეს ყველაფერი გარანტიით და გამჭვირვალედ მოხდა“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისი თქმით, დაკავებულები არათუ დამნაშავეებად არ მიიჩნევენ თავს, არამედ ფიქრობენ, რომ მათ გააკეთეს უაღრესად სასარგებლო საქმე ქვეყნისათვის. ადვოკატის განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედებდნენ კანონის, სახელმწიფოსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები