“კაბელების საქმის” ადვოკატები დიპლომატებს და არასამთავრობოებს ხელისუფლებაზე ზეწოლას სთხოვენ”

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს დახმარებას სთხოვენ. როგორც საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაკავებული მაღალჩინოსნების ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, მათ სრულყოფილად დაცვის საშუალება არ ეძლევათ, რადგან ამ დრომდე არ ფლობენ ე.წ. კაბელების საქმის მასალებს.
მასალების მისაღებად ადვოკატი მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატებს რომ კანონის ფარგლებში ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ.
„საქმის მასალებს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ჩვენ – ადვოკატებმა არ ჩავატაროთ ექსპერტიზები და ვერ შევძლოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სრულყოფილად დაცვა. მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა კანონიერი გზებით მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ მოგვეცეს ადეკვატური დაცვის საშუალება. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ. ის ადამიანები, ვინც დღეს დაკავებულები არიან, მათი არათუ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს, არამედ მათი ბრალეულობაც კი არ იკვეთება. ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები