„ფოტოგრაფების ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას და 15 ნოემბრის აქციას შორის კავშირს ვერ ვხედავ“
„ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასა და 14 ნოემბერს ფოტოგრაფების მიერ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შორის ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ“,- აღნიშნული განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გრიგალაშვილის განცხადებით, ის არ იცნობს ფოტოგრაფების აქციის მიზნებს, თუმცა ეს ალბათ არაფერ კავშირშია იმ პრობლემასთან რასაც ეძღვნება 15 ნოემბრის აქცია. საკრებულოს წევრის განცხადებით, ეს არ არის „ნაციონალების“ პარტიული აქცია. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები სახელმწიფოს პრობლემაა, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია.
„ 15 ნოემბრის აქცია არ არის პარტიული აქცია, იმ საკითხს რასაც საზოგადოება 15 ნოემბერს გააპროტესტებს არ აქვს პარტიული კუთვნილება. ის რასაც ახორციელებს რუსეთი არ არის რომელიმე პარტიის სალაპარაკო თემა, ეს მთლიანად სახელმწიფოს პრობლემაა და ძალიან სამწუხაროა რომ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ ყველაფერზე არ ხდება.მე ვფიქრობ რომ საზოგადოების აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნება გზავნილი ცივილიზებული სამყაროს მიმართ“- განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი 15 ნოემბერს რუსეთის ქმედებებს რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ.