„კაბელების საქმის“ ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრებს სახაზინო ადვოკატი შესთავაზეს
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს პროკურატურამ სახაზინო ადვოკატები შესთავაზა, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის მაღალჩინოსანთა ადვოკატებმა გაახმაურეს, რომლებიც დღემდე საქმის მასალების ასლებს ითხოვენ. როგორც ერთ-ერთი პატიმრის, ნუგზარ კაიშაურის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ადვოკატები პროკურორებს 2 დღის წინ შეხვდნენ.
მალხაზ ჯანგირაშვილი, ნუგზარ კაიშაურის დამცველი: „ადვოკატებს შეხვედრა ჰქონდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც პროკუტურამ საქმის ზეპირად გაცნობა შესათავაზა. როცა ადვოკატებისგან უარი მიიღეს, პროკურორების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სახაზინო ადვოკატებს დაეცვათ. რასაც ბრალდებულები არ დათანხმდნენ. სახაზინო ადვოკატის შეთავაზება ნიშნავს, რომ პროკურატურა თავადაც ხვდება, რომ ჩიხშია და გამოსავალი ამ გზით ნახეს. სურთ, შეცვალონ ადვოკატები, რომლებიც სს მასალებს ზეპირად გაეცნობიან და მთელი გაუგებრობა ამით ამოიფხვრება“.
როგორც ჯანგირაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, შექმნილი ჩიხი სასამართლოზეც გადადის, საიდანაც გამოსვლას წლები დასჭირდება: „ეს ადამიანები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. თუ სასამართლო მტკიცებულებებს დაუშვებლად არ ცნობს, ის ჩიხი, რომელიც პროკურატურამ საკუთარ თავს შეუქმნა, რომლითაც დაცვის განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა, უკვე სასამართლოზეც და მთელ ქართულ მართლმსაჯულებაზე გადადის, რომელიც ახლა ცდილობს ფეხის ადგმას. ამ ჩიხიდან გამოსვლა კი შეუძლებელი იქნება თუ ხელისუფლება, მოსამართლეების 9 თაობა ან საპროცესო კოდექსი არ შეიცვლება“.
ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ადვოკატებს პატიმრებთან შეხვედრის საშუალება ჰქონდათ და მათი მხრიდან ზეწოლაზე თუ გავლენის მოხდენის მცდელობაზე საუბარი არ ყოფილა.