დღეს უსინათლოთა საერთაშორისო დღეა

დღეს, 13 ნოემბერს, მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არ არის საზეიმო დღე. ამ დღის დაწესების მიზანი – უსინათლოთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მათი უფლებების დასაცავად პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრის გააქტიურება, ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გაძლერებაა.
უსინათლოთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში 1984 წლიდან აღინიშნება, საქართველოში კი ეს დღე არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ პროექტ „ვიმეგობროთ უსინათლოებთან“ ფარგლებში პირველად 2010 წელს აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან და საქართველოში ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უსინათლოთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა მდგომარეობის შესახებ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
უსინათლოთა დღე – ამ ადამიანების პირველი მასწავლებლის, ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის ვალენტინ ჰაიუს დაბადების დღეს უკავშირდება. მე-18-ე საუკუნემდე უსინათლოთათვის სასწავლო დაწესებულებები მსოფლიოში არ არსებობდა – ჰაიუმ, პარიზში (წლების შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში) უსინათლო ბავშვებისთვის სკოლა დააარსა, სასწავლო მეთოდოლოგია შეიმუშავა, პირველი რელიეფურ-ხაზოვანი ტაქტილური შრიფტი „უნციალი“ შექმნა (შედარებისთვის: ბრაილის შრიფტი არის რელიეფურ-წერტილოვანი) და უსინათლოთათვის პირველი წიგნები დაბეჭდა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ქვეყანაში უსინათლოთათვის პირველი და დღემდე ერთადერთი სასწავლებელი (N202 საჯარო სკოლა) მე-19-ე საუკუნის ბოლოს დაარსდა.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანია, ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“-ის თქმით, საქართველოს სტატისტიკა უცნობია, თუმცა ორგანიზაციის მონაცემებით, მათი რაოდენობა 7000-ს აღემატება. სპეციალისტთა აზრით კი, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანთა რიცხვი მოიმატებს, – ამბობენ ორგანიზაციაში.

10754228_867420456631527_957399913_o

10804956_867420463298193_1495502571_n

10806879_867420446631528_1028090612_n

10808216_867420449964861_961668978_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები