„ნაციონალური მოძრაობა“ იმედოვნებს, რომ თბილისის ბიუჯეტში მათი ინიციატივები აისახება
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის შესვლას 15 ნოემბრამდე ელიან,- ამის შესახებ განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თემურ გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს დედაქალაქი დგას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, მათი ფრაქცია ბიუჯეტში პენსიონერთათვის 10 -ლარიანი დანამატის და სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების გათვალისწინებას ითხოვს.
„გვაქვს ინიციატივები ჯანდაცვის მიმართულებით, კარგი იქნება, თუ დაფინანსდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დედაქალაქის ყველა პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით დაენიშნოს 10 ლარი. ბიუჯეტი უნდა იყოს სოციალურ პრობლემებზე და ინფრსტრუქტურაზე ორიენტირებული, მასში უნდა აისახოს ყველა აქტუალური მიმართულება. მე ვხედავ, რომ მერიის მხრიდან არაადეკვატური დამოკიდებულებაა მთელი რიგი მიმართულებების და გამოწვევების მიმართ. ჩვენ ბევრი ინიციატივა წარვადგინეთ, მაგრამ მანამ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი, ვერ გეტყით, რამდენად არის ეს ინიციატივები მასში ასახული. ბიუჯეტის პარამეტრებზე უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად იქნება საკრებულოში წარმოდგენილი“,- განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.