“ნაციონალები” მერიის ინიციატივას არ იზიარებენ

თბილისის მერის ინიაციატივას, რომლის თანახმადაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე 1 იანვრიდან შეღავათით ისარგებლებენ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
გრიგალაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება არა სოციალური შეღავათი, არამედ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობის წახალისებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თბილისის მერი დედაქალაქში არსებული გამოწვევების არაადეკვატურ აღქმაში დაადანაშაულა და მისგან მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის შეღავათების დაწესება მოითხოვა.
„ დავით ნარმანიას ეს ინიციატივა სოციალური ხასიათის არ არის. ეს არის დედაქალაქის მერიის პოლიტიკური გზავნილი ჩახალიანებს, შმილნიკოვებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშუბა არის წახალისებადი და ამ შემთხვევაში დედაქალაქის მერიამ დააფასა მათი „გარჯა“, „შრომა“ და უწესებს შეღავათებს. მერი არ საუბრობს პენსიონერებისთვის უფასო მგზავრობაზე, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და ის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს პოლიტპატიმრებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესებას. ეს არის არაადეკვატური დამოკიდებულება იმ გამოწვევების მიმართ, რაც დედაქალაქში არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ უფასო მგზავრობის დაწესება პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, ამისთვის საჭირო არის დაახლოებით ათი მილიონი ლარის გამოყოფა“, – განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი იქნება. ახალი ინიციატივა 2015 წლის თბილისის ბიუჯეტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები