„მარგველაშვილი ცდილობს, მთავრობის ფუნქციებში შეიჭრას და მიიტაცოს უფლებები“
„საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, მთავრობის უფლებებში შეიჭრას და მიიტაცოს იგი“,- აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი კობახიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რაც, მისი განმარტებით, მარგველაშვილის მიერ საერთაშორისო ვიზიტებისას წარმოებული იმ მოლაპარაკებით დადასტურდა, რისი უფლებაც მას კანონით არ ჰქონდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა მაშინაც კი, როდესაც რუსეთ-აფხაზეთის შესაძლო ხელშეკრულების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რადგან, კობახიძის თქმით, არსებობს მხოლოდ 2 თემა, რომელზეც პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ უშიშროების საბჭო მოიწვიოს.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, პრეზიდენტს მთავრობისგან უნდა მიეცეს გაფრთხილება, დაუმოჩილებლობის შემთხვევაში კი დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურები.
„ პრეზიდენტი მარგველაშვილი ძალიან დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამს. პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, თავისი უფლებამოსილებები გაიფართოვოს საგარეო ურთიერთობების კუთხით, შეიჭრას მთავრობის ფუნქციებში და მიიტაცოს უფლებები. ის და მისი წარმომადგენლები აპელირებენ 69-ე მუხლით, სადაც წერია, რომ ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს პრეზიდენტი და ტოვებენ იმას, რაც წერია 73-ე მუხლში. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტში წერია, საქართველოს პრეზიდენტი მთავარობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. თუ არ იქნება მთავრობის თანხმობა, ის ამას ვერ გააკეთებს. როდესაც ის წავიდა იაპონიაში ვიზიტით, მას შეთანხმება მთავრობასთან არ ჰქონია. ამით მან დაარღვია კონსტიტუცია. მოლაპარაკების წარმოების უფლებას უკრძალავს მას 73-ე მუხლი. კონსტიტუციის დარღვევა არის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი. მე მას გავაფრთხილებდი, ხელისუფლებაში რომ ვიყო, თუ არ შეწყვეტდა თვითნებურ მოქმედებებს, მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყებოდა“,- განაცხადა გიორგი კობახიძემ.