„ალასანია მერყევი და არასტაბილური პოლიტიკოსია, რომელიც მუდამ სააკაშვილის საქმეს აკეთებდა“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი კობახიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გააკრიტიკა და მის შესაძლო ბრალეულობაზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, თუკი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ წაყენებული ბრალი დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არათუ საქმის კურსში იყო მინისტრი, არამედ მონაწილეობდა კიდეც, რადგან, მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის დოკუმენტებს ვერცერთი მაღალჩინოსანი მინისტრის უშუალო ნებართვის გარეშე ხელს ვერ მოაწერს.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ალასანიას განვლილ პოლიტიკურ გზაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ალასანიას პარტიის დაარსებიდან დღემდე მან თავი გაიჩინა როგორც მერყევმა და არასტაბილურმა პოლიტიკოსმა. კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს „ნაციონალების“ ლობირებაში დაანაშაულა. მისი განცხადებით, ის მუდამ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს აკეთებდა.
„ ირაკლი ალასანია ის ადამიანია, რომელთან პარტნიორობასაც არასდროს არ ისურვებდა ის ორგანიზაცია, ვისაც უნდა, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს. მან თავი გამოიჩინა, როგორც მერყევმა და არასტაბილურმა პოლიტიკოსმა. მთელი განვლილი წლების განმავლობაში, რაც ის მოვიდა პოლიტიკაში და პარტია შექმნა, სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს აკეთებდა. მისი როლი და ფუნქცია ყოველთვის ისე წარმოჩინდებოდა, რომ ამა თუ იმ აქტივობას ტემპერატურას დაბლა უწევდა. ასე იყო 2009 წელს, ცნობილი მოვლენების დროს, ასე იყო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ყველა მნიშვნელოვან მომენტში მან უკან დაიწია, შემდეგ იყო 8 – იანის პროცესი, რომელიც მთლიანად ემსახურებოდა სააკაშვილის მმართველობის გახანგრძლივებას. ალასანია კარგი მინისტრი არ იყო. ალასანიას პოლიტიკური მომავალი არა აქვს. ვერც ერთი მოადგილე ასეთ დოკუმენტებს ხელს ვერ მოაწერდა მინისტრთან შეთანხმებისა და მისი თანხმობის გარეშე. მსგავს ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი მინისტრია“, – განაცხადა გიორგი კობახიძემ.
კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც შესაძლოა, რამდენიმე ნაღმი აფეთქდეს. ამ კონტექსტში მან „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომელიც განვლილ 2 წელიწადს აფასებდა და რეკომენდაციებს იძლეოდა მომავალ 2 წელთან დაკავშირებით.
კობახიძის განმარტებით, განცხადება შანტაჟის და ულტიმატუმის ელემენტებს შეიცავდა. მისი თქმით, ეს განცხადება საეჭვოდ ემთხვეოდა დროში თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ მთლიანად გუნდს ჰქონდა დაგეგმილი ალასანიას გუნდიდან გასვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები