თამარ ბერუჩაშვილი: ელჩმა დაადასტურა მზაობა, იყოს აქტიური პარტნიორი

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, იყოს ძალიან აქტიური პარტნიორი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ის ელჩთან – რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ ვითარებას, რომელიც გულისხმობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რუსეთის მცდელობას მოახდინოს ანექსია. “ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, იყოს ძალიან აქტიური პარტნიორი, იყოს მაქსიმალურად ჩართული. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ რჩევებს და მხარდაჭერას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომელიც არის რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში, ასევე საუბარი შეეხო რეგიონალურ პრობლემებს, უკრაინაში კრიზისს, რუსეთთან ურთიერთობის თემას. “ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ეს არ იყო გაცნობითი შეხვედრა, რადგან მასთან ძალიან ხანგრძლივი, ინტენსიური თანამშრომლობა მაკავშირებს. განვიხილეთ მთელი სპექტრი, დიდი ნუსხა იმ პრიორიტეტული საკითხებისა, რომელზეც უნდა ვიმუშავოთ მომავალი კვირეების და თვების განმავლობაში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. თამარ ბერუჩაშვილისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრა პირველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები