ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დარჩენას გეგმავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე უმრავლესობის მიერ პოსტიდან მის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავჯდომარესთან – დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადაწყვიტეს, რომ საპარლამენტო პოსტებზე დარჩნენ, ხოლო მისი ვიცე-სპიკერის პოსტზე დარჩენა რეგლამენტს არ არღვევს.
„ეჭვი მეპარება, რომ უმრავლესობაში ყველა ერთ აზრზე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე რომ ვყოფილიყავი მთავრობის წევრი, მინისტრი აუცილებლად გადავდგებოდი, მაგრამ პარლამენტარიზმი აბსოლუტურად სხვა არის. აქედან გამომდინარე, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადავწყვიტეთ, რომ გვინდა, დავრჩეთ საპარლამენტო პოზიციებზე. არანაირი რეგლამენტის დარღვევა ეს არ იქნება“, – განაცხადა მივლინებიდან დაბრუნებულმა აბაშიძემ თბილისის აეროპორტში.
ცნობილია, რომ აბაშიძის პოსტზე უმრავლესობა 10 კანდიდატს განიხილავს.