საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში იანუშ ჰერმანს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ყურადღება გამახვილდა 17 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს მოსამზადებელ თემებსა და იმ საკითხებზე, რაც საბჭოს დღის წესრიგში იქნება განხილული.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის პირველი ასოცირების საბჭო, და შესაბამისად მისი მნიშვნელობა ძალზედ დიდია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს საბჭო წარმატებული იყოს. რაც შეეხება ჩვენი ურთიერთობის ძირითად კურსს, ორივე მხარემ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა იანუშ ჰერმანმა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საუბრისას შეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან რეგულარულ შეხვედრებზე, სადაც განხილული იქნება მიმდინარე აქტუალური საკითხები.
„განვიხილეთ უახლოესი დღის წესრიგი, ეს გახლავთ ბრიუსელში პირველი ასოცირების საბჭოს შეკრება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის და მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს. მან უნდა შეაჯამოს გაწეული საქმიანობა და ასევე დასახოს პრიორიტეტები სამომავლო საქმიანობისთვის. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი ამოქმედება, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარება და იმ თემების ფართო სპექტრი, რომელიც ტრადიციულად საქართველო -ევროკავშირის დიალოგში არის წარმოდგენილი“, – განაცხადა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.