2015 წელს ბაგა-ბაღები დამატებით 4 ათას აღსაზრდელს მიიღებს

ბაგა-ბაღების მოსაწესრიგებლად თბილისის მერია 2015 წლის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2 თვეში მოხერხდა საბავშვო ბაღებში 3 000-მდე ადგილის გამონახვა. მომდევნო წელს კი მინიმუმ 4 000 ადგილის დამატებაა გათვალისწინებული.
“დახურული ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაცემული საბავშვო ბაღები დღევანდელი თბილისის მწარე რეალობაა. დედაქალაქის წინა მთავრობამ ჩვენი შვილების მომავალზე უარი თქვა და იქ, ვიწროპარტიული ინტერესის გათვალისწინებით, საკუთარი პოლიტიკური პარტია შეიყვანა. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს შენობები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადავეცით. სულ მალე აქ საბავშვო ბაღები აღდგება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა რაიონის გამგებლებს, ასევე, დაავალა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც ბაგა-ბაღების გახსნაა შესაძლებელი.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას თქმით, 8 ახალი ბაღის მშენებლობისთვის 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, ახალი ბაგა-ბაღები ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლომდე შევა. პარალელურად, არსებულ ბაგა-ბაღებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები