იუსტიციის მინისტრი სოფელ მუხაესტატეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ხვალ საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დაესწრება.
მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის სერვისებით.
საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ–ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, სახელწოდებით: “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საზოგადოებრივი ცენტრის მიზანია, სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სრულყოფის გზით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარების ახალი შესაძლებლობის შექმნა.
მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი არის სივრცე, აღჭურვილი თანამედროვე მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით, სადაც დასაქმებულია საგანგებოდ შერჩეული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლების სერვისებს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შპს მექანიზატორისა და სხვა უწყებების პროდუქტებს). გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეო კონფერენციის აპარატურა. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.
სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრების ფუნქციაა შეასრულოს მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. აღსანიშნავია, რომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვთ საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 13 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში ფუნქციონირებს: ყვარელწყალი,დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) შაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), სართიჭალა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ჭალადიდი (ხობის მუნიციპალიტეტი), რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი), ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ნიგოითი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) და შორაპანი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით 2013-2014 წლებში 91 133 საჯარო სერვისი გაიცა. წლის ბოლომდე დამატებით სამი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში.