ირაკლი ღარიბაშვილს ყაზახეთის პრემიერმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ყაზახეთის მთავრობის მეთაურმა კარიმ მასიმოვმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. პრემიერმა ყაზახ კოლეგას მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. „მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში. ჩემი ქვეყანა გაგაოცებთ თავისი უნიკალური გეოგრაფიით, ისტორიით, კულტურით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ხალხით. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე ჩვენ მიერ განხილული სამომავლო გეგმები, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საწინდარია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მასპინძლობისა და კეთილი სურვილებისთვის. იმედი მაქვს, ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.