პრემიერი: ყაზახეთი საქართველოს მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები დაინტერესებულნი არიან კერძო სექტორის დონეზე კავშირების აღდგენით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციით და მეცნიერების, განათლების, ინფორმატიკის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტსა და პრემიერს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ უახლოეს მომავალში საქართველოში უმასპინძლებს.
„ყაზახეთი საქართველოს მეგობარი და ტრადიციულად, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რასაც დღევანდელი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნების სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას – მივესალმებით საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო უწყებების რეგულარულ ურთიერთქმედებას პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ორი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა ყაზახეთის მთავრობის მეთაურმა. კარიმ მასიმოვი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ასტანაში, საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე აიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები