შოთა რეხვიაშვილი: ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი გამათბობლის არასწორი მონტაჟია
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი რუსთავის მე-11 მიკრორაიონში გაბელაიების ოჯახს ესტუმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. რეხვიაშვილის თქმით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი გამათბობლის არასწორი მონტაჟია, თუმცა, ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარებისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„როგორც კი შევიტყვეთ ამ ფაქტის შესახებ, ჩამოვედით, რომ როგორღაც, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოთ ამ მძიმე წუთებში ოჯახის წევრებს. დანარჩენს, თუ რა მოხდა, ბუნებრივია, ეს გამოძიების თემაა. შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს. აქ საკმაოდ დიდი ობიექტია, რომელიც პრივატიზირებულია, ბინები საკუთრებაში აქვთ დევნილებს გადაცემული. როგორც ვნახეთ, კორპუსის სხვენი აქვთ დამატებით საცხოვრებლად ათვისებული, სადაც ალბათ, ტექნიკური პირობების დარღვევით არის მომხდარი გაზიფიცირება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გამათბობლის არასწორი მონტაჟია. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, მცირეწლოვანი ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები არიან გარდაცვლილი”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ტრაგედია მოხდა. დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.