ბარამიძე უსუფაშვილს – “ამხანაგოთი” აღარ მომმართოთ, კომპარტიის წევრები თქვენკენ მოიკითხეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სთხოვა, მას “ამხანაგოთი” აღარ მიმართოს.
“მინდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ეთიკურად უნდა მივმართოთ და მე არანაირად არ მიცდია, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. გვარების ჩამოთვლა მაინტერესებდა, ვინ არიან, რა ხალხია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის“ ფრაქციაში – მეთქი, ეს ვიკითხე. რადგან ამ თემაზე ბრძანეთ, ბატონო დავით, მეც მინდა, კოლეგიალურად გთხოვოთ, რომ არც ასე მომმართოთ: ამ კაცს რა უნდა და, მით უმეტეს, არც ისე, როგორც ბოლო სესიაზე მომმართეთ, “ამხანაგ ბარამიძესო”. ისე, მინდა გითხრათ, რომ მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენკენ მოიკითხეთ”, – მიმართა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის” ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან შეიქმნა. აღნიშნული ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც კოალიცია “ქართული ოცნება“ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები