თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის უმასპინძლა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს მდივანი, სერ გარი ჯონსონი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
„დღეს შედგა შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან, ასევე, საქართველოს დიდ მეგობართან სერ გარი ჯონსონთან. ჩვენ ვისაუბრეთ თავდაცვის სამინისტროს მომავალზე, იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენს სამინისტროს ექნება უახლოეს მომავალში იმისათვის, რომ განავითაროს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გაზარდოს მისი შესაძლებლობები. ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო ინტენსიურს გავხდით. დიდი ბრიტანეთი განათლების, ჩვენი პერსონალის მომზადების მიმართულებაში გვეხმარება. შესაბამისად, მე, როგორც მინისტრი, ვეცდები, რომ დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის ფორმატი, პლატფორმა კიდევ უფრო გაიზარდოს“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“თავდაცვის ახალ მინისტრთან – მინდია ჯანელიძესთან ძალიან ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დახმარებას ვუწევდით საქართველოს კრიზისების მართვის საბჭოს განვითარებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ წინა სამსახურიდან მიღებული გამოცდილება მას ახალ პოზიციაზე გამოადგება. თავდაცის მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენთან თანამშორმლობას გააგრძელებს და საქართველოს კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უცვლელი დარჩება”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები