თსუ-ში სტუდენტების მიერ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადებული ჟურნალის ‘’გზავნილი რაჭიდან’’ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი სასწავლო კურსი ‘’ბეჭდური მედია 2’’- ის ფარგლებში მომზადდა.
‘’გზავნილი რაჭიდან’’ ონის რაიონის ინფრასტრუქტურის, მდგომარეობის და პრობლემების შესწავლას ეხება. მისი მთავარი სლოგანი არის ის, რომ ‘’ონი არ უნდა დაიცალოს’’.
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და კურსის ხელმძღვანელის მაია ტორაძის თქმით, მსგავსი პროექტები სტუდენტებს პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება და, ამასთან, ყურადღება ექცევა რეგიონის პრობლემებსაც.
„გადავწყვიტე, რეგიონებიდან გაგვეკეთებინა ჟურნალისტური პროდუქცია. ჩვენ არ დავიმხარეთ არც ერთი სახემწიფო სტრუქტურა და ადგილობრივი გამგეობა. სტუდენტებმა ინფორმაცია მოიძიეს საკუთარი ძალებით, შესაბამისად, გავთავისუფლდით გარკვეული გავლენებისგან და მივიღეთ აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია’’, -აცხადებს ტორაძე.
ჟურნალის მთავარი რედაქტორის გიორგი შავერდაშვილის თქმით, ცალკე საფრთხეზე მიუთითებს საზღვრისპირა სოფლების დაცლა.
„სტუდენტთა 17 -კაციანი ჯგუფი ვესტუმრეთ რაჭას და ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით ადგილობრივ პრობლემებს. საზღვრისპირა სოფლების დაცლა ქვეყნის მთლიანობის შესანარჩუნებლად უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს’’, -ამბობს გიორგი შავერდაშვილი.
სტუდენტებმა როგორც ჟურნალი, ასევე ამ თემასთან დაკავშირებული სიუჟეტები და მულტიმედია პროდუქცია წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები